პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე დღეს გურჯაანში ჩავიდა და სპორტკომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, რომელიც ძველი სპორტული ბაზის ტერიტორიაზე მიმდინარეობს.
სპორტკომპლექსში თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით 25 მეტრის სიგრძის საცურაო აუზი, სპორტული და სატრენაჟორო დარბაზები მოეწყობა. პროექტზე 3 მილიონი ლარი დაიხარჯება ხოლო მისი რეაბილიტაცია 25 აგვისტომდე დასრულდება.
"წელს კახეთში ძალიან ბევრი პროექტი ხორციელდება, რაზეც დაახლოებით 100 მილიონი ლარია გათვალისწინებული. კახეთის რეაბილიტაცია, გარდა იმისა, რომ ამ კუთხის გალამაზებასა და მოსახლეობის უკეთ ცხოვრებას ემსახურება, კახეთში მეტ ჩამომსვლელსა და მეტ სტუმარსაც ითვალისწინებს, რაც დამატებით შემოსავალს მოუტანს ადგილობრივ მოსახლეობას და მეტი ადამიანის დასაქმების პერსპექტივასაც გააჩენს" - განაცხადა ბაქრაძემ.
დავით ბაქრაძე გურჯაანის ნაყინის ქარხანაშიც იმყოფებოდა.
დღესვე პარლამენტის თავმჯდომარე წინანდალშიც ჩავიდა, სადაც ყველის ფესტივალს დაესწრო. ყველის ფესტივალი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით ტარდება და მისი მიზანი ქართული ყველის, როგორც უძველესი ტრადიციული პროდუქტის პოპულარიზაციაა.

















