პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ყრილობა დღეს საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში“ გაიმართება.
როგორც „ნიუსპრესს“ კოალიცია „ქართული ოცნების“ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ელისო ჩაფიძემ განუცხადა, პარტიის წევრობის მსურველთა ნოტარიულად რეგისტრაციის პროცესი 13:00 საათზე დაიწყება, 15:00 საათიდან კი - პარტიის წევრებს სხვადასხვა თანამდებობაზე ღია კენჭისყრით აირჩევენ.
„საინიციატივო ჯგუფის წევრებმა უკვე ვიმსჯელეთ ვინ რა პოზიციას დაიკავებს პარტიაში. თუმცა, ეს ყველაფერი არჩევით უნდა მოხდეს და ამდენად, ვინ რომელ თანამდებობაზე იმუშავებს ჯერ უცნობია“ - განაცხადა ჩაფიძემ.
მისი თქმით, პარტიის დამფუძნებელ ყრილობას „ქართული ოცნების“ ლიდერები დაესწრებიან და სიტყვით გამოვლენ. პარტიის თავმჯდომარის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.
პარტიის დაფუძნების თარიღი ბიძინა ივანიშვილმა 5 აპრილს ბრიფინგზე დაასახელა.
როგორც მან ბრიფინგზე აღნიშნა, პარტიის შემდეგ, დაფუძნდება ბლოკი „ივანიშვილი - ქართული ოცნება“. ივანიშვილის განცხადებით, ბლოკის ლიდერი და შესაბამისად, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი თავად იქნება.

















