დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი, პაპუნა დავითაია დღეს გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, საბერძნეთისა და იტალიის დიპლომატიური მისიების ხელმძღვანელებს შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაზე პაპუნა დავითაიამ დიპკორპუსის წარმომადგენლებს სამომავლო გეგმები გააცნო. ძირითადი აქცენტი "უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" მიღებულ კანონზე გაკეთდა. სახელმწიფო მინისტრი და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
"უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ" კანონი 2012 წლის 1-ელი მარტიდან შევა ძალაში. კანონპროექტის მიზანი, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულისა და დიასპორული ორგანიზაციის სამართლებრივი სტატუსის განსაზღვრაა. კანონის ფარგლებში დიასპორის წარმომადგენლებს სპეციალური თანამემამულის მოწმობა ექნებათ, რომელიც მათ გარკვეულ პრივილეგიებს მიანიჭებს.
კანონპროექტი გასულ წელს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა მოამზადა, რომელიც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ნოემბერში მიიღო.

















