ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრაზე ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები დადებითად შეაფასა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გრიგოლ ვაშაძისა და ჰილარი კლინტონის შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი 20-21 მაისს ჩიკაგოში დაგეგმილი ნატო-ს სამიტისთვის მზადება იყო. მხარეებმა იმსჯელეს, როგორც სამიტის ფორმატზე ისე მის შინაარსობრივ მხარეზე.
ორი ქვეყნის მინისტრებმა ISAF-ის ოპერაციაში საქართველოს მონაწილეობასთან დაკავშირებული, რეგიონული უსაფრთხოებისა და საქართველო-ამერიკის თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხებიც განიხილეს.
ვაშაძე-კლინტონის შეხვედრა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში, საგარეო და თავდაცვის მინისტრების გაერთიანებული შეხვედრის ფარგლებში 18 აპრილს შედგა.

















