საფრანგეთის ახალი ელჩი საქართველოში რენო სალენსი „ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერებს შეხვდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობიდან“ აცნობეს, შეხვედრაზე საფრანგეთის ელჩმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ევროსტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციას და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების განვითარებას უჭერს მხარს.
„ქრისტიან-დემოკრატების“ ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ელჩს მოძრაობის პრიორიტეტები გააცნო.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას. გიორგი თარგამაძემ და მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა მაგდა ანიკაშვილმა საფრანგეთის ელჩს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შესახებ თავისი ხედვა გააცნეს და არსებული პრობლემების გადაჭრის „ქრისტიან-დემოკრატიულ“ ხედვაზეც ისაუბრეს.
გიორგი თარგამაძის თქმით, საუბარი წინასაარჩევნო პერიოდში გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მნიშვნელობასა და მედიამონიტორინგის აუცილებლობას შეეხო.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ახალი ელჩი სრულად იყოს ინფორმირებული ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური მოვლენების შესახებ“- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.

















