საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგა“ სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიას უნდობლობას უცხადებს და საკუთარი რესურსით ალტერნატიული „კარდაკარ“ აქციის განხორციელებას გეგმავს.
ამის შესახებ „ამომრჩეველთა ლიგის“ დამფუძნებელმა კოკა გუნცაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„ამომრჩეველთა ლიგა“ რაიონული ოფისების გახსნას ერთ კვირაში თბილისში, ხოლო სამ კვირაში რეგიონებში გეგმავს.
გუნცაძის თქმით, არჩევნების დღეს საარჩევნო უბანში მიმდინარე პროცესი ყველა ამომრჩევლისთვის თვალსაჩინო უნდა იყოს.
„ხალხს უნდა მიეცეს საშუალება პირდაპირ ადევნოს თვალი საარჩევნო უბანზე მიმდინარე პროცესებს. ჩვენ ვაპირებთ ამ პროექტის განხორციელებას. თავისი მასშტაბურობით და ინოვაციით ის ქართულ პოლიტიკურ სივრცეში უპრეცედენტო იქნება“ - განაცხადა გუნცაძემ.
„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაინდრავას განმარტებით, ლიგის პროექტის მიხედვით, ყველა უბანი აღიჭურვება ვიდეოთვალით, რაც მსურველებს საარჩევნო პროცესის ონლაინ რეჟიმში ნახვის საშუალებას მისცემს.
მან ასევე აღნიშნა, რომ კამერების დამონტაჟება მხოლოდ საარჩევნო უბნის შიგნით საკმარისი არ არის.
„კარგად გვახსოვს ყველა არჩევნებზე კრიმინალებისა და „ზონდერების“ ჯგუფები, რომლებიც საარჩევნო უბნების გარშემო იდგნენ. ამიტომ, კამერები გარეთაც უნდა დამონტაჟდეს. ყველაზე რთული და კრიმინალური პროცესები არჩევნების დღეს საარჩევნო უბნის გარშემო და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ვითარდება“- განაცხადა ხაინდრავამ.
მისივე განცხადებით, „ამომრჩეველთა ლიგა“ ამ პროექტის განხორციელებას გამჭვირვალე და ლეგალური თანხებით გეგმავს.
„თანხებს მივიღებთ ყველა იმ ფონდიდან და იმ პიროვნებისგან, ვისაც კანონით ამის უფლება აქვს“- აღნიშნა ხაინდრავამ.

















