,,ქართული ოცნების” ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებს აინტერესებთ მოითხოვს თუ არა საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ მთავრობის წევრების მიერ ნარკოტესტის ჩატარებას.
ეს შეკითხვა ახალგაზრდებმა პარლამენტში ფრაქციის მდივანთან გიორგი ცაგარეიშვილთან შეხვედრაზე დასვეს.
მათი თქმით, ამ საკითხით ბოლო დროს გავრცელებული ვიდეოკადრების გამო დაინტერესდნენ. „ბოლო დროს გავრცელდა კადრები, სადაც უმაღლესი თანამდებობის პირები მეტად უხერხულად გამოიყურებიან“ - განაცხადეს ახალგაზრდებმა.
შეხვედრაზე დეპუტატმა განმარტა, რომ ფრაქციამ აღიშნული საკითხი რამდენჯერმე დასვა.
ცაგარეიშვილის თქმით, ფრაქციის თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს უფრო მნიშვნელოვანი ინიციატივა ჰქონდა, რომელიც ყველა თანამდებობის პირს ნარკოტესტის გავლას თმის ღერის საშუალებით ავალდებულებდა.
„ამ ინიციატივას პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დიდი ენთუზიაზმით შეხვდა და ჯანდაცვის მაშინდელ მინისტრთან ერთად პირობა დადო, რომ პირველი თვითონ გაივლიდა ასეთ შემოწმებას. თუმცა, ჩვენთვის დღემდე გაურკვეველია სად ჩააბარა მან საკუთარი თმის ღერი. ეს ირიბი მტკიცებულებაა იმისა, რომ ამ მიმართულებით ხელისუფლებაში მთლად კარგად ვერ არის საქმე“ - განაცხადა ცაგარეიშვილმა.
მან განმარტა რომ ამ ინიციატივის განუხორციელებლობის მიზეზად ტესტის სიძვირე დასახელდა, რაც დეპუტატის ინფორმაციით, 100 ლარია.

















