"დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე და "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს წევრი ნინო ბურჯანაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს ეწვია.
როგორც "ნიუსპრესს" პარტიის პრესსამსახურიდან აცნობეს, საუბარი შეეხო ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობას. ნინო ბურჯანაძემ უწმინდესს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ მდგომარეობაზე და საგარეო გამოწვევებზე საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
"ჩემთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო და არის მის უწმინდესობასთან საუბარი, მისი აზრის მოსმენა, როგორც ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ასევე ქვეყნის მომავალი განვითარების საკითხებზე. აქვე აუცილებლად უნდა აღინიშნოს, ისეთ ბრძენ ადამიანთან, როგორიც მისი უწმინდესობა გახლავთ, ყოველთვის მნიშვნელოვანია ურთიერთობა, განსაკუთრებით პოლიტიკოსებისათვის, რათა სწორად იქნას დანახული, თუ რა სჭირდება ჩვენს სამშობლოს დღეს", -განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ნინო ბურჯანაძემ.

















