საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრმა გიორგი ბარამიძემ უკრაინაში ვიზიტის ფარგლებში კიევის სამართლის ინსტიტუტში სტუდენტებისა და პროფესორ-მასწავლებლებისათვის
საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ლექცია წაიკითხა.
როგორც "ნიუსპრესს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე მინისტრმა პოლიციის, განათლებისა და სასამართლო რეფორმებზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი ბარამიძემ ორმხრივი შეხვედრები უკრაინის ვაჭრობისა და ეკონომიკური განვითარების მინისტრთან, უკრაინის მმართველი პარტიის თავმჯდომარის მოადგილესთან, პარლამენტის წევრებთან და ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა ელჩთან გამართა.
შეხვედრებზე საუბარი საქართველო-უკრაინის ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას, საქართველოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებს, ტურიზმის განვითარების პერსპექტივებსა და არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოს შეეხო. მხარეებმა საქართველო-უკრაინის ერთობლივი სამთავრობათაშორისო ეკონომიკური კომისიის ჩატარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს. ასევე, ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნებისა და რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე.

















