"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" თბილისის მერიას უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის შესაბამისი სოციალური ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო
აკრიტიკებს და სტანდარტების დაცვის სახელმწიფო ორგანოს შექმნას ითხოვს.
როგორც თბილისის საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ დღეს, ახლად რეაბილიტირებულ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რეაბილიტირების მიუხედავად გამზირზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებთან არ არის უნარშეზღუდულებისთვის განკუთვნილი პანდუსები.
გაბუნია თბილისის მერიისგან ყველა ადმინისტრაციულ შენობასთან პანდუსების დამონტაჟებას, უნარშეზღუდული მოქალაქეებისთვის სპეციალური, ლიფტიანი ავტობუსების შემოყვანას და მეტროპოლიტენის შესაბამისად ადაპტირებას ითხოვს.
დეპუტატის თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის მერია და ჯანდაცვის სამინისტრო მხოლოდ დაპირებებს იძლევა, რეალურად კი არაფერი გაკეთებულა. "ამის ნათელი მაგალითია ახლად რეაბილიტირებული აღმაშენებლის გამზირი, რომლის მაგალითზეც ჩანს, რომ ქვეყნის ხელისუფლების მიერ არ ხდება უნარშეზღუდული მოქალაქეების ინტერესების გათვალისწინება",-აღნიშნა გაბუნიამ.
მისი ინფორმაციით, თბილისში ეტლით მოსარგებლეთა რიცხვი ათიათასს აღწევს, ასეთი ადამიანებისთვის გადაადგილების პრობლემა კი სახლიდან გასვლისთანავე იწყება.

















