საქართველოს უკლებლივ ყველა რეგიონი ასაშენებელი და განსავითარებელია. ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკშვილმა დღეს ქობულეთში პროფესიული კოლეჯის გახსნის დროს განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს ისტორიის არცერთ პერიოდში არ ყოფილა აღმშენებლობის ისეთი პროცესი, როგორიც ახლაა.
„ფოთია განსავითარებელი, ლაზიკას უზარმაზარი პერსპექტივა აქვს. საუბრობენ იმაზე, თუ საიდან უნდა მოვიყვანოთ მოსახლეობა, თუნდაც ლაზიკაში საცხოვრებლად. დღეს ჩვენი მოსახლეობის 70% სოფლად ცხოვრობს, ამ ხალხის მნიშვნელოვანი ნაწილი ქალაქებში გადავა და ლაზიკაში მათი მიგრაციაც ბუნებრივად მოხდება“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ქვეყნის განვითარებისთვის მთავარი ამოცანა, ასევე, საქართველოს ბაზრების ადგილობრივი პროდუქციით გაჯერებაა.
„აჭარა ამის მშვენიერი მაგალითია, სადაც ბაზრის 80-90% ადგილობრივ პროდუქციაზე მოდის. აშენდა სათბურები და იქ მოყვანილი პომიდვრის ექსპორტი თურქეთში ხორციელდება“ - აღნიშნა პრეზიდენტმა.

















