დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალები სხვადასხვა ქვეყნის საელჩოებს გაუგზავნა.
ბაღათურიას თქმით, შეხვედრაზე ერთ–ერთმა დიპლომატმა აუწყა, რომ პარლამენტში მიხეილ სააკაშვილისა და მისი დებატები დიპლომატებს არ უთარგმნეს.
„ჩემი და მიხეილ სააკაშვილის დებატები და მუქარის ნაწილი დიპლომატებისთვის არ უთარგმნიათ. ამიტომ „ქართულმა დასმა“ გადაწყვეტილება მიიღო, ეს ჩანაწერი ეთარგმნა, ინგლისურ ენაზე ტიტრები დაედო და საელჩოებისთვის გადაეგზავნა. მათ ასევე გადაეგზავნებათ მიხეილ სააკაშვილის მაკომპრომეტირებელი მასალები, სადაც პრეზიდენტის უკანონო შემოსავლებზე, დაუსაბუთებელ ქონებასა და კორუფციულ საქმიანობაზეა საუბარი“ – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ბაღათურიამ.
„ქართული დასის“ ლიდერი ამბობს, რომ ეს მასალები, დიპლომატების მეშვეობით უმოკლეს ვადაში მათი ქვეყნების ლიდერებს ექნებათ.
28 თებერვალს, მიხეილ სააკაშვილის პარლამენტში გამოსვლის ფარგლებში დებატების დროს ბაღათურიამ პრეზიდენტის მამის მიერ ბალნეოლოგიური კურორტის მფლობელობაზე ისაუბრა, პრეზიდენტმა კი, ბაღათურიას ტალახის აბაზანები შესთავაზა.

















