“დემოკრატული მოძრაობა-ერთიანი საქართველო“ პოლიტპატიმართა კონკრეტული საქმეების შესწავლის თხოვნით საერთაშორისო თანამეგობრობას და ევროკავშირს მიმართავს.
ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრმა ბესიკ ტაბატაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ისეთ დიქტატორულ ქვეყანაშიც კი, როგორიც ბელორუსია, პრეზიდენტი ლუკაშენკო იძულებული გახდა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების პროცესი დაეწყო.
ტაბატაძის განმარტებით, ლუკაშენკოს ეს იძულებითი ნაბიჯი გაერო-ს, ევროკავშირის, ევროსაბჭოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, ბელორუსის სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივმა ბრძოლამ განაპირობა.
ტაბატაძის განცხადებით, საქართველოში ბოლო მონაცემებით ასზე მეტი პოლიტპატიმარია. მათ შორის ყველაზე მეტი 50-მდე პოლიტპატიმარი „სახალხო კრებისა“ და „დემოკრატიული მოძრაობის“ წევრია.
ტაბატაძის განცხადებით, „დემოკრატიული მოძრაობა“ მიესალმება პატიმართა შეწყალების ნებისმიერ ფაქტსაც, თუმცა, მისივე თქმით, შეწყალების კომისიის მუშაობა ხშირ შემთხვევებში პრაქტიკულად გასაიდუმლოებულია.
„წლების განმავლობაში შეწყალების კომისიის მუშაობის პროცესი საზოგადოებისთვის დახურულია, დღემდე უცნობია თუ რა კრიტერიუმებით ხდება შესაწყალებელი პატიმრების სიის შედგენა, ასევე გასაიდუმლოებულია შეწყალებულთა ვინაობა “- აღნიშნა ტაბატაძემ.
მისივე განცხადებით, არსებობს დასაბუთებული ეჭვი იმის შესახებ, რომ ამგვარი შეწყალებებით ხელისუფლებასთან გარიგებულ ე.წ კრიმინალურ ავტორიტეტებს ათავისუფლებენ, რათა მათი დახმარებით მოსახლეობის ნაწილის დაშინება და წინასაარჩევნო პერიოდში მათი მართვა მოახდინონ.

















