საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე მიწების გადასახადისგან გათავისუფლებას
პოზიტიურ ნაბიჯად აფასებენ. ეს განცხადება დღეს გამართულ ბრიფინგზე ფრაქციის ლიდერმა გიორგი ახვლედიანმა გააკეთა.
მისი თქმით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, ადგილობრივებმა გორის მიმდებარე ტერიტორიაზე 520 ჰექტარი სახნავ–სათესი მიწა დაკარგეს. მიუხედავად იმისა, რომ მათ მიწების დამუშავებაზე ხელი არ მიუწვდებოდათ, სახელმწიფო მიწის გადასახადს მაინც აკისრებდა.
ახვლედიანის თქმით, წლების განმავლობაში, აღნიშნული გადასახადი და დავალიანება ასეულობით ლარს უტოლდებოდა.
„ქრისტიან–დემოკრატები დაზარალებული მოსახლეობისთვის ამ დავალიანების ჩამოწერას ვითხოვდით, რადგან ასეულობით ადამიანი ამ კურიოზული გადასახადისგან უნდა გათავისუფლდეს“ – განაცხადა ახვლედინმა.
იგი საგადასახადო კოდექსში ამ მიმართულებით განხორციელებულ ცვლილებებს პოზიტიურს უწოდებს და მიიჩნევს, რომ ცვლილება ადეკვატურია.
„საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებებით, ჩამოწერას დაექვემდებარება „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე არსებული ქონების (მათ შორის, მიწის) მიხედვით დარიცხული და გადაუხდელი ქონების გადასახადი, მასზე დარიცხული საურავი და ჯარიმა.

















