აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში
მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებსა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრეს.
ამის შესახებ განცხადება ბრიუსელში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა გააკეთა.
მისი თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ნატოს მინისტერიალის ფორმატში გაიმართა, საუბარი არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე გაიმართა.
"გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა ავღანეთში საქართველოს კონტრიბუციაზე. ჰილარი კლინტონმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი ნატო-ს ღია კარის ფორმატს და საქართველოს როლს ამ პროცესში. მან ქართული მხარის მიმართ ავღანეთის მისიაში მონაწილეობისთვის მადლიერება გამოხატა" - განაცხადა გორდონმა.
მისი თქმით, შეხვედრაზე მხარეებმა, ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე. ამერიკამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობსადმი.
"შევეხეთ საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ პროცესებს და მომავალ საპარლამენტო არჩევნებს. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს თუ რამდენად მნიშვნელოვანია თავისუფალი და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესი, რომელმაც მსოფლიოს წინაშე იმის დემონსტრირება უნდა მოახდინოს, რომ საქართველო არის დემოკრატიის ხმა იმ საერთო ღირებულებების გათვალისწინებით, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ"- აღნიშნა გორდონმა.

















