"მარშალის ფონდის" და "რობერტ ბოშის“ ფონდის დელეგაციების საქართველოში ჩაშლილი ვიზიტის საკითხებში გერმანიის სახელმწიფო შეგნებულად არ ერევა.
ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ დღეს თავის გერმანელ კოლეგა კორნელია პიპერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე ორი ქვეყნის წარმომადგენლებს შორის შეხვედრაზე საუბარი არ ყოფილა.
„დელეგაციის ამ ვიზიტთან დაკავშირებულ საკითხებში გერმანიის სახელმწიფო შეგნებულად არ ერევა. ამდენად, ყოველგვარი სპეკულაცია იმის თაობაზე, რომ ფონდებმა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს რაიმე წერილი მიწერეს, არც ერთი წყაროთი არ დასტურდება და არც შეიძლება სიმართლეს შეესაბამებოდეს“ - განაცხადა ნინო კალანდაძემ.
საქართველოში "მარშალის ფონდის" და "რობერტ ბოშის ფონდის" წევრების 15 წევრიანი დელეგაციის ვიზიტი იგეგმებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამ დელეგაციის მიღებაზე უარი განაცხადა თუ მის შემადგენლობაში გერმანელი დიპლომატი დიტერ ბოდენი და ბუნდესტაგის დეპუტატი ვიოლა ფონ კრამონი იქნებოდნენ. საქართველოს ოფიციალურმა უწყებებმა ვიზიტის ჩაშლის შესახებ ინფორმაცია დაადასტურეს, თუმცა, ჩაშლის მიზეზი უარყვეს.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ფონდებმა საქართველოში ვიზიტი გააუქმეს და მათმა წარმომადგენლებმა გერმანიისა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრებს ამის შესახებ წერილობით აცნობეს.

















