საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან–დემოკრატები“ სახელმწიფო დაზღვევის პოლისებში ცვლილების შეტანას მოითხოვენ. ამის შესახებ დღეს ბრიფინგზე ფრაქციის წევრმა მაგდა ანიკაშვილმა განაცხადა.
დეპუტატის თქმით, მთავრობის დადგენილებაში, რომელიც სადაზღვევო კომპანიების მიერ სხვადასხვა სერვისების ანაზღაურებას არეგულირებს, პირდაპირ წერია, რომ რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან (უშვილობასთან და სხვა ტიპის პრობლემებთან) დაკავშირებული მომსახურება არ ანაზღაურდება.
„ეს, დედათა და ბავშვთა პოლიტიკას ეწინააღმდეგება“ – აღნიშნა ანიკაშვილმა.
მისივე თქმით, დღესდღეობით სადაზღვევო კომპანია სახელმწიფო დაზღვევის მქონე ქალბატონებისთვის 400 ლარს იხდის, რაც საბაზრო ღირებულებაზე 2–ჯერ ნაკლებია.
„იმ მედიკამენტების ჩამონათვალი უნდა გაიზარდოს, რომელთა ანაზღაურებას სადაზღვევო პოლისები ითვალისწინებს“ –განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.

















