პოლიტიკური კოალიცია "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა საჩხერის მოსახლეობას ერთი მიმართულებით გაერთიანებისკენ მოუწოდა. ამის შესახებ ძიძიგურმა კოალიციის
რაიონული ოფისის გახსნისას ხალხისადმი მიმართვის დროს განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საკითხი უკვე გადაწყვეტილია - ახლა მოსახლეობის შესაძლებლობების ერთი მიმართულებით გაერთიანებაა საჭირო, რადგან, მისივე თქმით, წინ ყველას სერიოზული საარჩევნო-პოლიტიკური ბრძოლა ელის.
"ერთ მხარეს მშიშარა სააკაშვილი დგას და მას საქართველო მეწველ ძროხად წარმოუდგენია, რომელიც საჭიროებისთვის უნდა გამოიყენოს, მეორე მხარეს კი, ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც თავისი ხალხი სიგიჟემდე უყვარს" - განაცხადა ძიძიგურმა და აღნიშნა, რომ საჩხერეში განსაკუთრებით ბევრი უსამართლობა ხდება.
კოალიციის რაიონული ოფისი დღეს საჩხერეში "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა გახსნა. ღონისძიებას კოალიციის ლიდერები ირაკლი ალასანია, ზვიად ძიძიგური და დავით ბერძენიშვილი დაესწრნენ.

















