პარლამენტის ვიცე-სპიკერი პაატა დავითაია რუსეთსა და აფხაზეთს შორის კავშირგაბმულობის სფეროში გაფორმებულ შეთანხმებაზე რეაგირებას მოითხოვს.
დავითაია მიიჩნევს, რომ რუსეთი გაერო-ს ქვემდებარე ორგანოს, საერთაშორისო კავშირგაბმულობის სააგენტოს წინაშე აღებულ ვალდებულებებს არღვევს.
"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ამ მიმართულებით აქტიურად უნდა იმუშაონ. მათ სააგენტოს ინფორმაცია უნდა მიაწოდონ, რათა მკაცრი რეაგირება მოხდეს" – აღნიშნა ბიუროს სხდომაზე დავითაიამ.
მისი ინფორმაციით, ხელშეკრულება მობილური, საფოსტო და სატელეფონო კავშირისა და სატელიტის მუშაობის რეგულირებას ითვალისწინებს.
დავითაიას ამ განცხადებას, ბიუროს სხდომაზე, პარლამენტის თავმჯდომარე გამოეხმაურა. დავით ბაქრაძის თქმით, რუსეთს არც ერთი გზა არ უნდა დავუტოვოთ, რომ ოკუპაციის ლეგიტიმაცია მოახდინოს.
დავით ბაქრაძემ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს დაავალა ამ საკითხთან დაკავშირებით რეაგირებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართოს.

















