საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივისა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის თანამშრომლობით აკადემიის შენობაში მუზეუმი გაიხსნება,
რომელიც საზღვაო დარგს მიეძღვნება.ეროვნული არქივის გენერალურმა დირექტორმა თეონა იაშვილმა და ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის რექტორმა ნიკოლოზ წიკლაურმა დღეს თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი, რომელიც აკადემიისთვის საზღვაო დარგთან დაკავშირებით საარქივო მასალების ასლების მიწოდებას, მუზეუმის გახსნას, ერთობლივი გამოფენებისა და სამეცნიერო შეხვედრების მოწყობას ითვალისწინებს.
"ეროვნული არქივი დახმარებას გაუწევს საზღვაო აკადემიას ეროვნულ საარქივო ფონდში საზღვაო თემატიკაზე დაცული მასალების შერჩევაში, სამეცნიერო კვლევასა და შემდგომ მუზეუმის დაფუძნებაში" - აღნიშნა თეონა იაშვილმა.
ეროვნულ არქივში დაცულია ბათუმის საზღვაო თემატიკასთან დაკავშირებული როგორც წერილობითი, ისე ფოტომასალა. მათ შორის არის: 1921 წელს გამოცემული დეკრეტი, რომლითაც ბათუმის საზღვაო სკოლა დაარსდა; პირველი კურსანტების სიები; ხარჯთაღრიცხვები, რომელიც ინფორმაციას გვაწვდის სასწავლებლის განყოფილებებისათვის შეძენილი ინვენტარის თაობაზე. ფოტოარქივშია კადრები, რომელიც საზღვაო სკოლაში თეორიული და პრაქტიკული სწავლების პროცესს ასახავს.

















