საქართველოს მიერ "ღია ცის" ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხის კომენტირებისგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია თავს იკავებს. ამის შეასხებ ბრიფინგზე დღეს პრეზიდენტის
პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
"ამ საკითხზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ილაპარაკა და საგარეო საქმეთა სამინისტრომაც გააკეთა განცხადება, შესაბამისად, ქართული მხარის პასუხი უკვე ხელთ გაქვთ"- განაცხადა მანჯგალაძემ.
ოფიციალური თბილისის განცხადებით, ქართულმა მხარემ ეს ნაბიჯი რუსეთის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი გარკვეული ვალდებულებების შეუსრულებლობის საპასუხოდ გადადგა.
"რუსეთის ეს ქმედება, რომელიც 2010 წელს დაიწყო, მიზნად ისახავს "ღია ცის" ხელშეკრულების გამოყენებას საქართველოს - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ე.წ დამოუკიდებლობის ლეგალიზაციისთვის" - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
სამინისტროს განმარტებით, 2010 წელს რუსულმა მხარემ "ღია ცის" ხელშეკრულების დარღვევით, წევრ სხვა ქვეყნებს სადამკვირვებლო ფრენებზე თვითნებური შეზღუდვები დაუწესა. რუსეთმა საბაბად ის დებულება გამოიყენა, რომელიც სადამკვირვებლო ჯგუფს ხელშეკრულების არაწევრი ქვეყნის საზღვრებთან 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოებას უკრძალავს. შედეგად, რუსეთმა მის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენების 10 კილომეტრზე ნაკლები მანძილით მიახლოება საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან იმ მოტივით აკრძალა, რომ ისინი დამოუკიდებელი სახელმწიფოები არიან და ხელშეკრულების წევრები არ არიან.
"შესაბამისად, რუსეთმა თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენის განხორციელებისას, წევრ ქვეყნებს "ღია ცის" ხელშეკრულებით გათვალისწინებული უფლება სრულ ტერიტორიულ წვდომაზე განზრახ და უკანონოდ შეუზღუდა" - აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
საგარეო პოლიტიკური უწყების ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველო თავის პარტნიორ ქვეყნებთან ერთად რუსეთს მოუწოდებდა სრულფასოვნად შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულებები. თუმცა, ამ მოწოდებაზე რუსეთი არაადეკვატურად რეაგირებდა.
აქედან გამომდინარე, ქართულმა მხარემ შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. საქართველო რუსეთის ფედერაციის მონაწილეობით თავის ტერიტორიაზე სადამკვირვებლო ფრენებს აღარ მიიღებს და არც თვითონ განახორციელებს სადამკვირვებლო ფრენებს რუსეთის ტერიტორიაზე.

















