პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეფასებით, სოციალური ქსელის მეშვეობით ვირტუალური არჩევნების ძირითადი ამოცანა არჩევნებისადმი ნდობის და დემოკრატიის
იდეის პოპულარიზაციითვის ხელშეწყობაა.
აღნიშნული განცხადება დავით ბაქრაძემ ფეისბუქის ვირტუალურ არჩევნებში გამარჯვებულ სპიკერთან და ვიცე–სპიკერებთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.
"ყველა ის ახალგაზრდა, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა, დარწმუნდება რა რთულია ადამიანების მხარდაჭერის მოპოვება, ხალხის დარწმუნება, რომ მათ მხარი დაგიჭირონ – რამხელა პასუხისმგებლობას გულისხმობს ნებისმიერი არჩევითი თანამდებობა, თუნდაც ვირტუალური. მათთვის ეს პატარა სკოლა და გაკვეთილია, რომელიც მომავალში გამოადგებათ" – განაცხადა დავით ბაქრაძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ მისთვის სოციალური ქსელების მომხმარებლებთან კონტაქტი მნიშვნელოვანია.
"პირველ პროექტთან შედარებით, მეორე არჩევნებში გაცილებით მეტი ადამიანი იყო ჩართული. თუ დაინტერესება იქნება პროექტი გაგრძელდება. თუ საზოგადოება ჩათვლის, რომ მან თავისი თავი ამოწურა, ახალი პროექტის მომზადების შესახებ ვიფიქრებთ"– აღნიშნა ბაქრაძემ.
"ფეისბუქის" ვირტუალურ არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი ზაქარიაძე გახდა. ის დღეს პარლამენტის მოქმედ თავმჯდომარე დავით ბაქრაძესთან ერთად ერთ სამუშაო დღეს გაატარებს. დიმიტრი ზაქარიაძე ექიმია და "113"–ში მუშაობს.

















