არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდები სამართლიანობისთვის - საქართველო" პატიმარ ზაზა გიგაურის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვს.
ორგანიზაციის წარმომადგენელთა განცხადებით, ზაზა გიგაური, რომელიც სიმსივნითაა დაავადებული, იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, რომ ის ვერ ღებულობს საკვებს, ვერ მეტყველებს, ვერ გადადგილდება და მას საქართველოს კანონმდებლობის თანახმად სასჯელისაგან გათავისუფლება ეკუთვნის, რადგან პატიმარი საზოგადოებისთვის რაიმე საშიშროებას აღარ წარმოადგენს.
"ზაზა გიგაურის ჯანმრთელობის მდგომარეობის მნიშვნელოვანი გაუარესება დაიწყო 2009 წელს, როდესაც გულმკერდის არეში ტკივილები დაეწყო. მას გამოკვლევა მხოლოდ ტუბერკულიოზზე ჩაუტარდა. 2011 წლამდე მსჯავრდებულის მდგომარეობა მძიმდებოდა, თუმცა სასჯელაღსრულების დაწესებულებამ არაფერი მოიმოქმედა, რათა სათანადოდ გამოეკვლია მსჯავრდებული და უზრუნველეყო შესაბამისი მკურნალობით. შედეგად ზაზა გიგაურის დაავადებამ მე-4 სტადიას მიაღწია" - განაცხადეს ორგანიზაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ისინი საქართველოს ჯანმრთელობის, შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეს, ირაკლი გიორგობიანს კანონით გათვალისწინებული ზომების დაუყოვნებლივ მიღებისკენ მოუწოდებენ.

















