საქართველოსა და ბრაზილიის სახელმწიფოებს შორის ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
საქართველოს სამთავრობო დელეგაცია ბრაზილიაში პრემიერ-მინისტრის ნიკა გილაურის ხელმძღვანელობით იმყოფება.
ნიკა გილაური ბრაზილიის ვიცე-პრეზიდენტსა და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ბრაზილია სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, საქართველოში ინვესტიციების განხორციელებით არის დაინტერესებული.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ ბრაზილია უახლოეს მომავალში შესაბამის დოკუმენტს მიიღებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ბრაზილიაში უვიზოდ გადაადგილების საშუალებას მისცემს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ისეთი ქვეყანა, როგორიც ბრაზილიაა, საქართველოს პოლიტიკური პარტნიორი ხდება. ბრაზილია დღეს უკვე გლობალური პოლიტიკის ნაწილია, არა მარტო ლათინურ ამერიკაში, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის მისი მხარდაჭერა უმნიშვნელოვანესია" - განაცხადა გილაურმა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორმხრივი და მრავალმხრივი შეხვედრები ბრაზილიაში დღესაც გაიმართება.

















