"ლეიბორისტულ პარტიაში" კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას, რომელიც პარლამენტის წევრობის მინიმალური ასაკის 21 წლამდე დაწევას გულისხმობს, პრეზიდენტ
მიხეილ სააკაშვილსა და კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერ ბიძინა ივანიშვილს შორის შეთანხმებად მიიჩნევენ. ამის შესახებ პარტიის იდეოლოგიურმა მდივანმა კახა ძაგანიამ დღეს ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, "დიქტატორ სააკაშვილსა და ოლიგარქ ივანიშვილს" შორის ფარული გარიგება შედგა.
"მრავალ მოქალაქეობა ნაცვალი ოლიგარქისა და მისი შვილის 21 წლის უტა ივანიშვილისათვის ამერიკელების დირიჟორობითა და ბოკერია-ალასანიას შუამავლობით, კონსტიტუციაში ცვლილებები შეაქვთ" - განაცხადა ძაგანიამ.
მისივე განმარტებით, საარჩევნო სიას სათავეში მამაშვილი ივანიშვილები ჩაუდგებიან, რის სანაცვლოდაც სააკაშვილი გაყალბებული არჩევნებით ძალაუფლებას შეინარჩუნებს, გამარჯვებას კი, ივანიშვილების ოჯახი მიულოცავს.
"მივმართავთ გაეროს დისკრიმინაციის კომიტეტს უკანონო გარიგებაზე რეაგირება მოახდინოს" - აღნიშნა მან.
საქართველოს პარლამენტში მომზადებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, სადეპუტატო ასაკი 25-დან 21 წლამდე მცირდება. ამ ცვლილების ინიციატორი 80 დეპუტატია.

















