პოლიტიკური კოალიცია "ქართულ ოცნებაში" ხელისუფლების ქართული ენის მიმართ დამოკიდებულებას გულგრილს უწოდებენ. ამის შესახებ კოალიციის მიერ ქართული ენის
დღესთან დაკავშირებით გაკეთებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი.
კოალიციაში ამბობენ, რომ 1978 წლის 14 აპრილს ქართველმა ახალგაზრდებმა ქართული ენისადმი ერთგულება საქმით დაუდასტურეს, მის დასაცავად საბჭოთა რეპრესიულ მანქანას დაუპირისპირდნენ და რეალურ განსაცდელს არ შეუშინდნენ.
"ქართულ ოცნებაში" ამ შემთხვევას საბჭოთა კავშირის არსებობის განმავლობაში უნიკალურს უწოდებენ, რადგან ახალგაზრდების ამ ნაბიჯმა შედეგი გამოიღო და ქართულ ენას სახელმწიფო სტატუსი დაუბრუნდა.
"მაშინ, ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 34 წლის შემდეგ, დამოუკიდებელი საქართველოს პირობებში, ხელისუფლების მხრიდან ქართული ენის მიმართ ასეთი გულგრილი დამოკიდებულება გაჩნდებოდა" - აცხადებენ კოალიციაში.
მათივე თქმით, ამ თაობის ვალი ქართული ენის სახელმწიფო სტატუსის განმტკიცებისთვის ზრუნვაა.
14 აპრილს საქართველოში ქართული ენის დღე აღინიშნება.

















