პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიგი წერეთლის შეფასებით, ევრაზიის კავშირი ერთ-ერთი მთავარი პროექტია, რომელიც პუტინსა და რუსეთის ამჟამინდელ ხელისუფლებას აქვს.
"ეს არის იდეა, რომელსაც საბჭოთა კავშირის აღდგენის პარანოიალურ იდეას უწოდებენ. თუ ვივარაუდებთ იმას, რომ პუტინი და მისი გარემოცვა ძირითადად ყოფილი საბჭოთა რეჟიმის სულიერი შვილები არიან, გასაკვირი არ არის, რომ მათ ამგვარი იდეა მოსწონთ. მათ სურთ იმგვარი წესები დაამკვიდრონ, რაც საბჭოთა კავშირის დროს იყო. ანუ რუსეთი იყოს გადაწყვეტილების მთავარი მიმღები, მსოფლიო წესრიგის დამმყარებელი და ეკონომიკური მოთამაშე" - განუცხადა "ნიუსპრესს" გიგი წერეთელმა.
ვიცე-სპიკერის თქმით, რუსეთი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ევრაზიის კავშირში რამდენიმე სახელმწიფო ძალით შეიყვანოს, რისთვისაც სხვადასხვა სანქციებსა და მუქარას არ დაიშურებს.
"საერთოდ თუ შედგა, ევრაზიის კავშირი დროებითი, რამდენიმე სახელმწიფოსგან შეკოწიწებული გაერთიანება იქნება" - აღნიშნა გიგი წერეთელმა.
რამდენიმე დღის წინ, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას ვლადიმერ პუტინმა ევრაზიის კავშირის შექმნაზე ისაუბრა.

















