ბიძინა ივანიშვილის იურისტთა ჯგუფი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უკანონოს უწოდებს.
სასამართლომ ძალაში დატოვა კონტროლის პალატის გადაწყვეტილება ივანიშვილის დაჯარიმების შესახებ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ივანიშვილის იურისტთა ჯგუფის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ ადვოკატის უფლებები დაარღვია.
"საქართველოს ხელისუფლებამ ბიძინა ივანიშვილი დააჯარიმა იმისთვის, რომ ის სარგებლობს პროფესიონალთა მომსახურებით, რომელთა ჯგუფში ადვოკატები და ჟურნალისტები შედიან "- განაცხადა ქუცნაშვილმა.
მისივე თქმით, ივანიშვილმა ოჯახის ადვოკატებს საადვოკატო მომსახურების საფასური გადაუხადა, სასამართლომ კი, ძალაში დატოვა ბიძინა ივანიშვილის 2 725 977 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურში მიმდინარეობდა ადმინისტრაციული წარმოება, ფიზიკური პირის ბიძინა ივანიშვილის მიერ, პირადი ანგარიშიდან "ქართულ ოცნების" პოლიტიკური გუნდის წევრთა უკანონო დაფინანსების ფაქტზე. დაფინანსების საერთო ოდენობა 406 525 ლარს შეადგენდა. პალატაში აცხადებენ, რომ საქმის შესწავლის შედეგად დადგინდა 272 597 ლარის ოდენობის უკანონო დაფინანსების ფაქტი, იმ პირებთან მიმართებაში, რომელთა პოლიტიკური აქტივობა დადასტურებული და დაკავშირებული იყო "ქართული ოცნების" პოლიტიკურ და საარჩევნო მიზნებთან. აქედან გამომდინარე, უწყებამ ივანიშვილი 272 597 ლარის ათმაგი ოდენობით დააჯარიმა. ეს გადაწყვეტილება მისმა იურიდიულმა ჯგუფმა სასამართლოში გაასაჩივრა.

















