მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მშენებლობა 17 აპრილს დაიწყება.
მშენებლობის დაწყებასას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, მახათას მთაზე პარაკლისს გადაიხდის.
ტაძრის საძირკველში მსოფლიოს სხვადასხვა წმინდა ადგილებიდან და საქართველოს ეპარქიებიდან ჩამობრძანებულ სიწმინდეებს ჩააბრძანებენ. ასევე, მოსახლეობა მთაზე ქვებს მიიტანს, რომლებზეც, ლოცვასთან ერთად, მათი ოჯახის წევრებისა და მათთვის ძვირფასი ადამიანების სახელები იქნება დატანილი. ქვებს ტაძრის საძირკველში ჩაბრძანებენ.
ისტორიულ ღონისძიებასთან დაკავშირებით ანგია წინასწარმეტყველის ხატი დაიწერა, რომელიც მშენებლობის მფარველად მიიჩნევა.
მშენებლობის დაწყებას საქართველოს 38-ვე ეპარქიიდან ჩამოსული მრევლი დაესწრება.
როგორც საქველმოქმედო ფონდში „ივერიისა“ აცხადებენ, ტაძარს მთელი საზოგადოება, საქართველოში მცხოვრები ხალხი და ქართული ემიგრაცია ერთად აშენებს.
ამ დღისთვის ცოცხალთა და გარდაცვლილთა წიგნი იქმნება, რომელშიც ტაძრის აღმშენებელი მილიონობით ქართველის გვარ-სახელი ჩაიწერება.
სახალხო აქციაში უკვე 145 ათასი ადამიანია გაწევრიანებული.
აქციაში მონაწილეობის მსურველები www.makhata.ge-ზე უნდა დარეგისტრირდნენ. მათ ყოველთვიურად 1 ლარის გადარიცხვა, ნებისმიერი სატელეფონო ოპერატორიდან ნომერზე - 0901 77 77 77 შეუძლიათ.

















