ეროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი ბარამიძემ რუსეთ-საქართველოს
კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების აუცილებლობაზე სლოვაკეთში, "გლობალური უსაფრთხოების" კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.
კონფერენციის სესიაზე აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში ამერიკის უსაფრთხოების საკითხები განიხილებოდა. ბარამიძემ ევროპასა და მის აღმოსავლეთ სამეზობლოში დაურეგულირებელი კონფლიქტების მშვიდობიანი და დიპლომატიური გზით მოგვარების მნიშვნელობაზე გააკეთა აქცენტი.
როგორც "ნიუსპრესს" სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, სლოვაკეთის კონფერენცია ჩიკაგოს ნატო-ს სამიტამდე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფორუმია.
ვიცე-პრემიერმა სლოვაკეთში სამუშაო ვიზიტისას ორმხრივი შეხვედრა გამართა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან ზსოლტ ნემეტთან.
ბარამიძემ საერთაშორისო და ადგილობრივი მედიისთვის პრესკონფერენცია გამართა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ამ პროცესის პოზიტიურ გავლენაზე ისაუბრა.

















