ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად თბილისსა და ვაშინგტონს შორის ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
ვიდეოკონფერენციის მასპინძელი აშშ-ს საელჩო საქართველოში და ელჩი ჯონ ბასი იყო.
ვიდეოკონფერენციაში საქართველოს ოპოზიციის ლიდერებმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს და აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა, მათ შორის, სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ თომას მელიამ მიიღო მონაწილეობა.
როგორც "ნიუსპრესს" "ახალი მემარჯვენეებიდან" აცნობეს, ვიდეოკონფერენციაში პარტიის ლიდერი დავით გამყრელიძე მონაწილეობდა. ოპოზიციის ლიდერებმა წინასაარჩევნო გარემოზე, საარჩევნო კოდექსსა და "მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში" ცვლილებებზე ისაუბრეს.
აღნიშნული ვიდეოკონფერენცია მომავალი კვირისთვის ვაშინგტონში დაგეგმილი დემოკრატიის სამუშაო ჯგუფის შეხვედრის მოსამზადებელი ეტაპი იყო.
დემოკრატიის სამუშაო ჯგუფი ერთ-ერთია იმ ოთხი სამუშაო ჯგუფიდან, რომელიც 2009 წლის იანვარში ხელმოწერილი ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში შეიქმნა.

















