საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის აკაკი მინაშვილის შეფასებით, საქართველო ევრაზიის კავშირის წევრი არასდროს გახდება.
ეს განცხადება აკაკი მინაშვილმა ჯონდი ბაღათურიას გამოსვლის შემდეგ, საპასუხოდ გააკეთა, თუმცა, ბაღათურიას პარლამენტში ევრაზიის კავშირზე არაფერი უთქვამს.
"თქვენმა პარტნიორებმა, რომლის საგარეო ჯგუფის ხელმძღვანელიც თედო ჯაფარიძეა, რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ საქართველო უნდა გაწევრიანდეს ევრაზიულ კავშირში. მოგეხსენებათ, რასთან მიდის ეს კავშირი და ვინ არის მისი ლიდერი. ეს არის სახელმწიფო, რომელიც ცდილობს ყველა მეზობელი დაიპყროს. თქვენ ამაზე არ საუბრობთ ბატონო ჯონდი, არც იმაზე საუბრობთ, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოს ოკუპაციას ახორციელებს", - მიმართა მინაშვილმა ბაღათურიას და იქვე დასძინა, რომ ბაღათურიასგან აღნიშნულ საკითხებზე მოწოდება ან გაფრთხილება საერთაშორისო ორგანიზაციებისადმი არასდროს მოუსმენია.
მინაშვილმა ბაღათურიას განცხადების იმ ნაწილსაც უპასუხა, რომელიც თურქეთს შეეხება. ბაღათურიას შეფასებით, თურქები აჭარაში ყველა ბიზნესს ფლობენ.
"თურქეთი არის სახელმწიფო, რომელიც ყველგან და ყოველთვის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ასევე ის არის ერთ-ერთი მთავარი ლობისტი ჩვენი ნატოში გაწევრიანების კუთხით. მინდა გითხრათ, რომ საქართველო ევრაზიულ კავშირში არასდროს არ შევა და თქვენ შეგიძლიათ, თქვენს გუნდთან ერთად შეხვიდეთ", - აღნიშნა მინაშვილმა.

















