კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წარმომადგენელთა განცხადებას, თითქოს საკაბელო ოპერატორი "თრიალეთი" რადიოსიხშირულ სპექტრს ლიცენზიის გარეშე იყენებდა, ტელეკომპანია თრიალეთის
ხელმძღვანელობა აბსურდულს უწოდებს. ამის შესახებ "ნიუსპრესს" ტელევიზიიდან აცნობეს.
მათი განმარტებით, "თრიალეთი" კანონიერად გამოყოფილ სიხშირეზე მაუწყებლობს და ტელეკომპანიაში მზადყოფნას გამოთქვამენ, კიდევ ერთხელ ჩატარდეს შემოწმება.
"ვაცხადებთ, რომ კომისიის მიერ გავრცელებული განცხადება სიცრუეა და ის კანონის შესაბამისად არ მოქმედებს! სხვა დარღვევებთან ერთად, მათი ყველაზე დიდი კანონდარღვევა, კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანია, რომელიც საკუთარი ბიზნესით საქართველოს სატელევიზიო რეკლამას აკონტროლებს" - აცხადებენ "თრიალეთში".
მათივე თქმით, "თრიალეთი" მარეგულირებელი კომისიის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის.
კომისიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ხატია ყურაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ კომისიამ ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" წერილის საფუძველზე შიდა ქართლში მონიტორინგი ჩაატარა და გამოავლინა, რომ საკაბელო ოპერატორი "თრიალეთი" რადიოსიხშირულ სპექტრს ლიცენზიის გარეშე იყენებდა".

















