ვიცე პრემიერ-მინისტრი გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ამის შესახებ "ნიუსპრესს" ევროპულ და ევროატლანტიკურ
სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, ბარამიძე სლოვაკეთში ატლანტიკური კომისიის მიწვევით იმყოფება. ის სპეციალური სტუმრის სტატუსით ბრატისლავაში გამართულ "გლობალური უსაფრთხოების" კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ვიცე პრემიერ-მინისტრ გიორგი ბარამიძის ორმხრივი შეხვედრები ბულგარეთის, ესტონეთისა და სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან. გიორგი ბარამიძე საერთაშორისო და ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებისთვის პრეს-კონფერენციასაც გამართავს.
ვიცე-პრემიერის აპარატის ინფორმაციით, ჩიკაგოში დაგეგმილ ნატო-ს სამიტამდე ეს კონფერენცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. გიორგი ბარამიძე, ასევე, დისკუსიაში მიიღებს მონაწილეობას, სადაც ამერიკის თავდაცვის ახალი სტრატეგია განიხილება.

















