რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების, არამედ რუს და ქართველ ხალხებს ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობის - აღნიშნულთან
დაკავშირებით განცხადებას საქართველოს საგარეო საქმათა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყება 2012 წლის 12 აპრილს რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომელშიც რუსეთი მოუწოდებს თავის მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოში მგზავრობისგან იმ მოტივით, რომ თითქოსდა, საქართველოს ხელისუფლება მათ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" კანონის საფუძველზე დევნის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივამ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმების შესახებ გამოიწვია რუსეთიდან საქართველოში სტუმრობის მოსურნეთა რიცხვის მკვეთრი მატება.
რუსეთის ხელისუფლება კი - აშკარად დაიბნა და ჯერ აბსურდული მიზეზებით აარიდა თავი საპასუხო ნაბიჯების გადადგმას, ხოლო შემდეგ უკვე შეეცადა და ამჟამადაც ცდილობს შეთხზული საფრთხეებით დააშინოს საკუთარი მოქალაქეები.
"რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს აღნიშნული ცნობა ცხადყოფს, რომ რუსეთის ხელისუფლება წინააღმდეგია რუს და ქართველ ხალხებს ნორმალური ურთიერთობის და მეგობრობისა. ეს ცნობა აშკარად მეტყველებს, რომ რუსეთის ხელისუფლებას აქვს სერიოზული შიში იმისა, რომ რუსეთის ფედერაციის სულ უფრო და უფრო მეტი მოქალაქისთვის საქართველოში ვიზიტების შედეგად, ნათელი ხდება რუსეთის ოფიციალური პროპაგანდის სიყალბე და შესაბამისად საქართველოს მიმართ რუსეთის ხელისუფლების მიერ წარმოებული პოლიტიკის მანკიერი ხასიათი"- ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რაც შეეხება კანონს, "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ", იგი მიღებულ იქნა 2008 წლის 23 ოქტომბერს რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის, საქართველოს განუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის და საოკუპაციო რეჟიმების ე.წ. "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ.
"დარწმუნებული ვართ, რომ რუსეთის ხელისუფლების ეს მორიგი მცდელობაც უშედეგო აღმოჩნდება და რუსეთის უამრავი მოქალაქე, ვინც აპირებს ჩამოსვლას საქართველოში, თავად დარწმუნდება, ისევე როგორც ისინი, ვინც უკვე იმყოფებოდა აქ, რომ საქართველოში სტუმრობა არავითარ რისკთან არ არის დაკავშირებული და მხოლოდ სასიამოვნო მოგონებად დარჩებათ" - ნათქვამია განცხადებაში.

















