საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძე უმრავლესობას საარჩევნო კოდექსის შეცვლისკენ მოუწოდებს.
დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას დიმიტრი ლორთქიფანიძემ განაცხადა, რომ პარლამენტმა და მასში წარმოდგენილმა პოლიტიკური ძალების უმრავლესობამ, ქართული საზოგადოების წინაშე გამოცდა ვერ ჩააბარა.
ლორთქიფანიძის განცხადებით, ვითომ რეფორმირებული საარჩევნო კოდექსი, რომელიც უმრავლესობამ და უმცირესობამ კონსესუსის გზით მიიღო, წინანდელზე ბევრად უარესია და ვერ უზრუნველყოფს არჩევნების გზით ხელისუფლების შეცვლას.
"ახალი კოდექსის შედეგია საარჩევნო კომისიების ისევ ერთპარტიული კონტროლის ქვეშ მოქცევა, ამომრჩეველთა ფალსიფიცირებული სიები და მათი ვითომ დაზუსტების ფსევდოკომისია, ადმინისტრაციული რესურსების შეუზღუდავად გამოყენების შესაძლებლობა, დახურული საარჩევნო უბნების არსებობა, ფასიანი ელექტრო აიდი ბარათების აღების ვალდებულება და სხვა მრავალი დეტალი, რაშიც ეშმაკი იმალება" – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მან პოლიტიკურ პარტიებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებზეც ისაუბრა. ფრაქციის თავმჯდომარის შეფასებით, პარლამენტმა საზოგადოებრივ პოლიტიკური ძალების ფინანსური მონიტორინგის უკიდურესად რეპრესიული სისტემა შექმნა, რაც მოქალაქეებისათვის კონსტიტუციით მინიჭებული უფლებების ხელყოფაში აისახება.
მანვე გაეროს სპეციალური მომხსენებლის მაინა კიაის განცხადებიდან ციტატაც წაიკითხა, სადაც პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებზეა საუბარი და სადაც ის ხელისუფლებას ამ კანონის შეცვლისკენ მოუწოდებს.

















