პარლამენტმა დღეს კენჭისყრის ჩატრება ვერ შეძლო. სხდომათა დარბაზში სხვისი პულტების გამოყენების ფაქტი "ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ აღმოაჩინა და გააპროტესტა.
თავდაპირველად რეგისტრაცია 96 დეპუტატმა გაიარა, არადა, ამ დროს დარბაზში 65 დეპუტატი იჯდა. პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძემ განმეორებითი რეგისტრაცია დანიშნა, თუმცა, კვორუმი დარბაზში მაინც არ აღმოაჩნდა.
მესამე რეგისტრაციის დროს, დარბაზში 65 დეპუტატი იმყოფებოდა, ტაბლომ კი 80 დააფიქსირა. ამის შემდეგ, ბაქრაძემ მანდატურს მოუწოდა სხვისი პულტების გამოყენების საკითხი დაედგინა. მანდატურის მიერ სიის გადამოწმების შედეგად გაირკვა, რომ დარბაზში კვორუმი არ იყო.
"რამდენიმე დეპუტატის პულტია გამოყენებული, რომელთაც 1 თვის ხელფასი დაექვითება. მადლობა ბატონო ჯონდი, ვაფასებ, რომ პროცედურულ საკითხში დამეხმარეთ", – მიმართა ბაქრაძებ ბაღათურიას.
დღეს პარლამენტს რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხისთვის უნდა ეყარა კენჭი. კერძოდ, კანონპროექტების გარდა დასამტკიცებლად სახალხო დამცველის ანგარიშის შესახებ პარლამენტს დადგენილება ცნობად უნდა მიეღო. გარდა ამისა, "ქრისტიან-დემოკრატების" ინიციატივით, პარლამენტს ორი მინისტრის - ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის თანამდებობაზე ყოფნის მიზანშეწონილობის საკითხი უნდა გადაეწყვიტა.
კენჭისყრები მომავალი სასესიო კვირისთვის გადაიდო.

















