"სახალხო კრება მიესალმება ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ არენაზე გამოსვლას.
ჩვენი სურვილია მან თავისი გაცხადებული მიზნები შეასრულოს და საქმე საბოლოო გამარჯვებამდე მიიყვანოს, თუმცა ჩვენ გულხელდაკრეფილნი ვერ ვიქნებით და პროცესებს შორიდან ვერ შევხედავთ" - ეს განცხადება "სახალხო კრების" თავმჯდომარემ "სახალხოს კრების" აღმასრულებელი საბჭოსა და სათათბირო დარბაზის წევრებს შორის გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
ნონა გაფრინდაშვილის თქმით, უნდა გამოინახოს გზა, რომლითაც "სახალხო კრება" მიიღებს მონაწილეობას არსებული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და ამავე დროს ხელს არ შეუშლის იმ სერიოზულ ძალას, რომელიც ამ რეჟიმს რეალურად დაუპირისპირდება.
"რაც შეეხება "სახალხო კრებაში" შემავალ სხვა პოლიტიკურ პარტიებსა თუ ძალებს, ისინი მხოლოდ "სახალხო კრების" წევრები არიან და მათი იდეაფიქსი კოალიციაში მოხვედრა ნამდვილად არ არის" - აღნიშნა ნონა გაფრინდაშვილმა.
"არავითარი მესამე პოლუსი, პირიქით, ჩვენ ვართ იქ, სადაც უნდა იყოს ყველა ის პოლიტიკური ძალა, ვისაც ამ ხელისუფლების მოცილება რეალურად უნდა" - განაცხადა სახალხო კრების თავმჯდომარემ.
ნონა გაფრინდაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ "სახალხოს კრება" და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები მზად არიან კოორდინირებულად იმოქმედონ სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა მათთვის კოალიციაში ყოფნას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

















