"ადამიანის უფლებათა ცენტრი" სამხედრო ხარჯების შემცირებას და მილიტარისტული რიტორიკის შეწყვეტას მოითხოვს. ამის შესახებ არასამთავრო
ორგანიზაცია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს.
"ადამიანის უფლებათა ცენტრი ეხმაურება სამხედრო დანახარჯების შესახებ გლობალური აქტივობის დღეს - 12 აპრილს და შეახსენებს ყველას, რომ სამხედრო დანახარჯების გაზრდით სახელმწიფო ვერც საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ კონფლიქტებს მოაგვარებს და ვერც უზარმაზარ აგრესორ სახელმწიფოს - რუსეთს დაამარცხებს"- ნათქვამია განცხადებაში.
"ადამიანის უფლებათა ცენტრში" აცხადებენ, რომ კონფლიქტების მოგვარება მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით არის შესაძლებელი. რუსეთის აგრესიული პოლიტიკის თავიდან ასაცილებლად კი, ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება და საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერის მოპოვებაა საჭირო.
არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელების თქმით, შემაშფოთებელია საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი მილიტარისტული განცხადებები.
" შეშფოთების საფუძველს ისიც იძლევა, რომ პრეზიდენტ სააკაშვილის მსგავსი გამოსვლები წინ უძღოდა 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტს რუსეთთან, რასაც ქვეყნისთვის კატასტროფული შედეგები მოჰყვა"- აცხადებენ "ადამიანის უფლებათა ცენტრში".
"ადამიანის უფლებათა ცენტრი" მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, მთავრობისა და პარლამენტის წევრებს შეამცირონ შეიარაღების ხარჯები, მეტი დრო დაუთმონ მშვიდობიან დიპლომატიას და არ დაუშვან სხვადასხვა სახის კონფლიქტების გაღვივება საქართველოში.
"ასევე მივმართავთ სამოქალაქო საზოგადოებას, თითოეულ მშვიდობისმოყვარე ადამიანს, მშვიდობიანი ფორმებით გამოხატოს პროტესტი ხელისუფლების მილიტარისტულ ქმედებებზე, წინ აღუდგეს ომისა და დაპირისპირების საფრთხის შემცველ ნებისმიერ ინიციატივას"-აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე თქმით, რაც უფრო დიდია სამხედრო ხარჯები, მით უფრო მცირე თანხა რჩება სხვა მიმართულებებზე დასახარჯად, როგორიცაა - კომუნალური ხარჯები, ინფრასტრუქტურის მშენებლობა და შენახვა, ასევე განათლება და ჯანდაცვა.

















