საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან–დემოკრატები" ორი მინისტრის – ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის პასუხისმგებლობის საკითხს სვამენ.
"ერთხელ და სამუდამოდ უნდა გავიგოთ, რომ ამ ადამიანებს რეალობის გაუმჯობესება არ შეუძლიათ" – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში ფრაქციის თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანმა.
ორი მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხის დასმა "ქრისტიან–დემოკრატებმა" სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე მიიღეს.
"სახალხო დამცველის ანგარიშში მოტანილი ფაქტების მხოლოდ მოსმენა და ცნობად მიღება არ უნდა მოხდეს. 2010 წლის ანგარიშის მოსმენისას ორი მინისტრის გადადგომის საკითხი დავაყენეთ, მაგრამ საპარლამენტო უმრავლესობა მათ გადაეფარა. დღევანდელი ანგარიში, პრაქტიკულად იმეორებს იმ დანაშაულებს, რაც მაშინ ხდებოდა. სამწუხაროდ, არაფერი გაუმჯობესებულა" – განაცხადა ახვლედიანმა.
სახალხო დამცველის ამჟამად პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოდის. "2011 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ" ანგარიში 650 გვერდიანია.
ანგარიშში ძირითადი ყურადღება გამახვილებულია პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ პრობლემებზე, ბავშვთა და ქალთა უფლებებზე, ეთნიკური უმცირესობების საკითხზე, საკუთრების უფლებებზე, ჟურნალისტებისთვის პროფესიული მოვალეობის შესრულების დროს ხელისშეშლაზე და სხვა.

















