ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის დავით დარჩიაშვილის ინიციატივით, პარტიების
შესახებ კანონში უცხოური ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული დეფინიცია დაკონკრეტდება.
წინადადება კანონპროექტის ერთ-ერთ მუხლს შეეხება, რომლის თანახმად, შეზღუდვები საერთაშორისო ორგანიზაციებზე არ ვრცელდება, თუ ასეთი ორგანიზაციების ინსტიტუციური მხარდაჭერა რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკური ძალის მხარდაჭერას არ ეხება.
დარჩიაშვილს მიაჩნია, რომ ტერმინი – "პოლიტიკური ძალა" შეიძლება ინტერპრეტაციების საგანი გახდეს.
"თუ მემარჯვენეობას პოლიტიკურ ძალად განვიხილავთ, ადენაუერის ფონდი დაინტერესებულია, როგორც "ნაციონალური მოძრაობის," ისე "ქრისატიან–დემოკრატების" და ზოგადად მემარჯვენე ცენტრისტული მიმართულების განვითარებით. ებერტის ფონდი მემარცხენე პარტიებს ყოველთვის მოძებნის. ნაუმანის ფონდი – ლიბერალებს. ვიცით, რომ გერმანიასა და ჰოლანდიაში პოლიტიკური ფონდებია. ამიტომ, ნაცვლად პოლიტიკური ძალისა, კარგი იქნება თუ კანონში ჩაიწერება, რომ ორგანიზაციის საქმიანობა არ უნდა უკავშირდებოდეს ცალკე აღებული პოლიტიკური პარტიის ან ბლოკის მხარდაჭერას" – მიმართა კანონპროექტის მომხსენებელ პავლე კუბლაშვილს დავით დარჩიაშვილმა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილი დარჩიაშვილის შენიშვნას იზიარებს.
"როგორც კი ფორმულირებას წერილობით წარმოადგენთ, მას ტექსტში ავსახავთ" – უპასუხა კუბლაშვილმა დარჩიაშვილს.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" კანონში ცვლილებები დღეს პარლამენტმა მეორე მოსმენით განიხილა.

















