სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენის შემდეგ დღეს პარლამენტი დადგენილებას მიიღებს. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განუცხადა.
„ჩვენი მთავარი მიზანია, გავიგოთ რამდენად სრულდება სახალხო დამცველის რეკომენდაციები და რა არის დაგეგმილი სამომავლოდ, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სახალხო დამცველის რეკომენდაციების შესრულების დინამიკა“ - განაცხადა ლაშა თორდიამ.
კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით, უმრავლესობის წევრები, სახალხო დამცველის ანგარიშიდან გამომდინარე, უკვე შეხვდნენ ლტოლვილთა და ჯანდაცვის მინისტრებს კობა სუბელიანსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს. გუშინ ღამით კი, საპარლამენტო უმრავლესობის წევრები სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრს ხათუნა კალმახელიძეს შეხვდნენ.
სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას პარლამენტი დღის მეორე ნახევარში აპირებს. სახალხო დამცველის ანგარიში 650 გვერდიანია და მასში ძირითადი ყურადღება პენიტენციალურ სისტემაში ჯანდაცვის მხრივ არსებულ მდგომარეობაზეა გამახვილებული.

















