"სახალხო კრება" ბრძოლას განაგრძობს და ხელს შეუწყობს ყველა იმ პოლიტიკურ პროცესს, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს რეალურ ბრძოლას გამოუცხადებს, - ამის შესახებ, "სახალხო კრების" თავმჯდომარემ,
ნონა გაფრინდაშვილმა ჟურნალისტებს დღეს გამართული შეკრების დაწყებამდე განუცხადა.
შეკრება სასტუმრო "ძველ თბილისში" მიმდინარეობს და მასში "სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭო და სათათბირო ორგანოს - "დარბაზის" წევრები მონაწილეობენ.
შეხვედრის ძირითადი თემა იმ პოლიტპატიმართა მდგომარეობაა, რომლებიც 26 მაისის მოვლენების შემდეგ სხვადასხვა ვადით სასჯელს იხდიან. მონაწილეების განცხადებით, "სახალხო კრებისა" და "დემოკრატიული მოძრაობის" მხარდამჭერ პოლიტპატიმართა რაოდენობა ამჟამად 40-ს აჭარბებს.
"სახალხო კრების" მხარდამჭერი არც ერთი პოლიტპატიმარი ხელისუფლების მხრიდან მათზე და მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე უპრეცედენტო ზეწოლის მიუხედავად, არ აღიარებს მოგონილ ბრალდებებს და საკუთარი სიმართლის დასადგენად ბოლომდე იბრძვის. ამის ნათელი მაგალითია სახალხო კრების წევრ, პოლიტპატიმარ გია სალუქვაძის სიტყვა სასამართლოს სხდომაზე, სადაც მან არ აღიარა შეთითხნილი ბრალდებები, მოითხოვა ყველა პოლიტპატიმრის დაუყოვნებლივ გათავისუფლება და აღნიშნა, რომ ის მართალია, ბრძოლას აგრძელებს და აუცილებლად მიმართავს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს"-აცხადებენ "სახალხო კრებაში".
დღევანდელ შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ დასკვნებს, სადაც საუბარია საქართველოში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების შესახებ. სხდომის მონაწილეთა განცხადებით, აღარ დარჩა ცივილიზებულ მსოფლიოში უფლებადაცვითი ორგანიზაცია, რომელსაც 26 მაისის მოვლენებთან დაკავშირებით, თავისი მკვეთრად უარყოფითი პოზიცია არ დაეფიქსირებინა, მათ შორის გაეროს შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე მომუშავე სპეციალური მომხსენებლის, მაინა კიაის წინასწარი ანგარიში, სადაც ერთმნიშვნელოვნადაა აღნიშნული, რომ ხელისუფლების ქმედებების შედეგად, საქართველო კრიტიკულ ზღვარზეა და რომ დაუყოვნებლივ უნდა დაიწყოს 26 მაისის მოვლენების ობიექტური გამოძიება, რომელშიც ჩართული იქნებიან საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
"სახალხო კრების" წევრები ერთმნიშვნელოვნად აღნიშნავენ, რომ ქვეყნის გადარჩენისა და სააკაშვილის რეჟიმის ხელისუფლებიდან ჩამოშორებისათვის, ყველა რეალურად ოპოზიციური პოლიტიკური ძალა ერთიან ფრონტად უნდა ჩამოყალიბდეს.

















