საპარლამენტო ფრაქცია "ქრისტიან-დემოკრატების" თავმჯდომარე გიორგი ახვლედიანი დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის გაუქმებას აპროტესტებს.
როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გიორგი ახვლედიანმა განაცხადა, ისედაც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში მყოფი დევნილები უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდნენ და ფიზიკური განადგურების პირას არიან. მისი თქმით, დევნილებს ხელისუფლებამ გაუუქმა დახმარება – ერთ სულზე 100 კილოვატი ელექტროენერგიის შეღავათი, რასაც ისინი ძირითადად ზამთარში მოიხმარდნენ.
"იმ ახალ ჩასახლებებში, რომლებიც დიდი ზარზეიმით იხსნება და ამაყობთ, ადამიანებს გათბობის ელემენტარული პირობებიც არ აქვთ", – განაცხადა ახვლედიანმა და დასძინა, რომ ეს შეიძლება სოციალური აფეთქების მიზეზიც გახდეს.
მისი შეფასებით, ხელისუფლებამ "საინტერესო" მიდგომა გამოიჩინა, როდესაც თქვა, რომ დევნილებს საკომპენსაციოდ 22 ლარის ნაცვლად 28 ლარიან დახმარებას მისცემენ. ახვლედიანის განცხადებით, 6 ლარი ვერ იქნება 17 ლარის თანაზომიერი კომპენსაცია, რადგან 100 კილოვატი ელექტროენერგია დევნილებს არა 6 არამედ, 17 ლარი დაუჯდებათ.
როგორც მან აღნიშნა, კიდევ ერთხელ დასტურდება "ქრისტიან-დემოკრატების" ლოზუნგის ნამდვილობა, რადგან ირკვევა, რომ სახელმწიფო 100 კილოვატ ელექტროენერგიას თურმე 6 ლარად ყიდულობდა და არა 17 ლარად.
"ამიხსენით, რა იყო საკამათო "ქრისტიან-დემოკრატების" სლოგანში?", – განაცხადა ახვლედიანმა.
დევნილებისთვის ელექტროენერგიაზე შეღავათის გაუქმება დღეს ოპოზიციონერმა ვიცე–სპიკერმა პაატა დავითაიამაც გააპროტესტა და მოითხოვა, რომ მათ ეს შეღავათი აღუდგეთ.

















