ოპოზიციონერი დეპუტატი ლიდერი ჯონდი ბაღათურია 10 ათასი სტუდენტისთვის სტუდენტის სტატუსის აღდგენასა და მათი სწავლის საფასურის
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებას მოითხოვს.
დღეს ბაღათურიამ პარლამენტში 100-მდე სტუდენტი მიიღო და "უმაღლესი განათლების შესახებ კანონში" შესატანად "ქართული დასის" მიერ მომზადებული ცვლილებების პროექტი გააცნო.
დეპუტატის თქმით, სტუდენტებს, რომელთაც 2011–2012 წლებში სტატუსი შეუჩერდა, სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტმა უნდა დაუფაროს.
ბაღათურიას განმარტებით, ეს უნდა იყოს ერთჯერადი აქტი და სწავლის საფასური პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან უნდა დაიფაროს.
"საქართველოში განათლების რეფორმა სრული კრახით დამთავრდა. 10 ათას სტუდენტს სპეკულაციურად მაღალი ფასების გამო შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი" - განაცხადა ბაღათურიამ და დასძინა, რომ დღეს შეიქმნება სტუდენტთა საორგანიზაციო ჯგუფი, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებაზე იმუშავებს.

















