საქართველოში ვიზიტით მყოფი ამერიკელი დიპლომატი ფრენკ ვიზნერი საქართველოსა და ეგვიპტეს შორის პარალელს არ ავლებს - ამის შესახებ მან ბიძინა
ივანიშვილთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.
ფრენკ ვიზნერის თქმით, მას ბიძინა ივანიშვილთან საკმაოდ საინტერესო საუბარი და შეხვედრა ჰქონდა.
"საქართველოს ოცი წლის განმავლობაში თვალს ვადევნებთ. მიხარია, რომ ჩვენი კოლეგები მასთან თანამშრომლობენ. რაც შეეხება ეგვიპტესა და საქართველოს მე მათ შორის პარალელს არ გავავლებდი. საქართველომ გარკვეული ნაბიჯები გადადგა დემოკრატიის თვალსაზრისით და ამ ორ განსახვავებულ ქვეყანას შორის პირდაპირ კავშირს ვერ ვხედავ" - აღნიშნა ფრენკ ვიზნერმა.
ფრენკ ვიზნერი ეგვიპტეში ცნობილი მოვლენების დროს ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი იყო და იქ მუშაობდა.
ამერიკელი დიპლომატი საქართველოში ბიძინა ივანიშვილის მოწვევით იმყოფება, ის უკვე შეხვდა ბიზნესმენს. ამის შემდეგ მას შეხვედრები დაგეგმილი აქვს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან ჯონ ბასთან და საქართველოში მომუშავე ამერიკელ ბიზნესმენებთან. იგი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იყო გაერო-ში, ასევე მუშაობდა კოსოვოსა და იუგოსლავიაში კონფლიქტების დროს.

















