"ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია ელიტური კორუფციის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის შექნას ითხოვს.
ამ ინიციატივით ის პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე გამოვიდა.
ბაღათურიას განცხადებით, დროებითმა საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს ელიტური კორუფციის ყველა ის ფაქტი, რომელიც საქართველოშია. კერძოდ, მისი თქმით, კომისიამ უნდა შეისწავლოს პრეზიდენტის უკანონო საქმიანობა და ის ფაქტები, თუ რატომ ძვირდება საქართველოში ბენზინი, რატომ იზრდება წამლებზე ფასები და ა.შ.
კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს, ეს განათლების სისტემაა. რატომ არის სპეკულაციური ფასები სასწავლო წიგნებზე და გაზრდილი ფასები სახელმძღვანელოებზე?! - კითხულობს ჯონდი ბაღათურია და საპარლამენტო უმრავლესობას მოუწოდებს, დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარი დაუჭირონ.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიას მიმართა, რომ კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილება, რეგლამენტის თანახმად, ოფიციალურად დააყენოს. დავით ბაქრაძემ ბაღათურიას რეგლამენტის 55-ე მუხლზე მიუთითა, რომელიც პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის წესს განსაზღვრავს.

















