კანონმდებლობასა და კონსტიტუციაში ნებისმიერი ცვლილების მიუხედავად, კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი და მისი პოლიტიკური გუნდი კანონის ფარგლებში
მოქმედებას გააგრძელებს. ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
აღნიშნული განცხადება მან დაგეგმილი საკონსტიტუციო ცვლილების საკითხის კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში გარკვეული ტიპის პოლიტიკური მოქმედებების უფლების მინიჭებას გულისხმობს.
ივანიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისევ აგრძელებს კანონის საკუთარ თავზე მორგებას.
"მან უკანონოდ ჩამომართვა მოქალაქეობა. მეორედ მივეცით საშუალება შეენარჩუნებინა სახე და აღედგინა ჩემთვის მოქალაქეობა, თუმცა,იოლი გზა მოძებნა და კონსტიტუცია გადააკეთა" - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.
იგი განმარტავს, რომ მისი პოლიტიკაში გამოჩენის შემდეგ, ხელისუფლებამ ბევრი საკანონმდებლო ცვლილება განახორციელა, თუმცა, კონსტიტუცია ისეთი რამაა, რასაც მოფრთხილება სჭირდება.
"მე, როგორც საქართველოს მოქალაქე, რომელიც პატივს სცემს ამ ქვეყანას, კანონის სივრცეში ვრჩები. როგორი კანონიც არ უნდა შემოიღონ ვემორჩილები მას და ასე გავაგრძელებთ მოქმედებას" - განაცხადა ივანიშვილმა.

















