პარლამენტის საგაზაფხულო სესია დღეს ოპოზიციონერი დეპუტატის, ჯონდი ბაღათურიასა და პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძის შეკამათებით დაიწყო.
ჯონდი ბაღათურია სხდომაზე იმ ფაქტს აპროტესდებდა, რომ სიტყვით პირველი ის იყო ჩაწერილი, დავით ბაქრაძემ კი პირველად სიტყვა გიორგი თარგამაძეს მისცა. ბაღათურია ადგილიდან ყვიროდა, რომ სწორედ ის იყო ჩაწერილი სიტყვით პირველად გამომსვლელთა შორის და არა სხვა დეპუტატი.
დავით ბაქრაძემ დეპუტატებს და ჯონდი ბაღათურიას აჩვენა ის ფურცელი, სადაც სიტყვით პირველ გამომსვლელად ჯერ თარგამაძე იყო ჩაწერილი, შემდეგ კი ბაღათურია. "აქამდე არ უნდა დაეშვათ. თუ გინდა გრაფოლოგიური ექსპერტიზა ჩაატარეთ და ჟურნალისტებს აჩვენეთ ეს ფურცელი", - მიმართა დავით ბაქრაძემ ჯონდი ბაღათურიას, რომელიც ადგილიდან აპროტესტებდა, რომ სწორედ ის იყო ჩაწერილი პირველი გამომსვლელთა შორის.
პარლამენტის თავმჯდომარემ ჯონდი ბაღათურიას მოუწოდა, რომ თუ არ გაჩუმდებოდა, მაშინ რეგლამენტით გათვალისწინებულ ზომებს მიმართავდა - ჯერ შენიშვნას მისცემდა, შემდეგ კი, სხდომათა დარბაზს დაატოვებინებდა.
კამათი მას შემდეგ ამოიწურა, რაც სიტყვით ჯერ გიორგი თარგამაძე გამოვიდა, შემდეგ კი ჯონდი ბაღათურია. დავით ბაქრაძემ ჯონდი ბაღათურიას მოუწოდა, რომ ელემენტარული სტანდარტი დაიცვას და აგრესიულად არ დაიწყოს საგაზაფხულო სესია.
საგაზაფხულო სესიის პირველი სხდომა პარლამენტში სახელმწიფო ჰიმნით გაიხსნა.

















