შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, რეფერალური დახმარების პროგრამის ფარგლებში ურგენტული, ონკოლოგიური, გულის ქირურგიისა და ზოგადი ამბულატორიის სახელმწიფო პროგრამები 60-დან 65 წლის ასაკის მამაკაცებზეც გავრცელდება.
საპარლამენტო ფრაქცია „ქრისტიან-დემოკრატების“ წევრის მაგდა ანიკაშვილის განცხადებით, მინისტრის ამ გადაწყვეტილებით, 100 ათასამდე მამაკაცს დახმარება შეუნარჩუნდა.
„მართალია მათთვის ჯანმრთელობის დაცვის პოლისი არ იქნება გათვალისწინებული, მაგრამ სახელმწიფო პროგრამები, როგორც აქამდე იყო, შენარჩუნდება“ – აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბარში ანიკაშვილმა.
პარლამენტმა საპენსიო კანონმდებლობა დღეს მეორე მოსმენით განიხილა.

















